Thursday, March 30, 2017

პოვნა ძიების გარეშე




(Online Diary)

04.03.11, პარასკევი:

                ,,დღეს  გადმოვედი ახალ სახლში, რომელიც ჩემივე დანაზოგით შევიძინე. კარგი ანაზღაურება მაქვს. მუშაობით თავს არ ვიკლავ, მიუხედავად იმისა, რომ ვათენებ და ვაღამებ სამსახურში, ეს ორი რამ ხომ ერთი და იგივე არაა. მითუმეტეს თუ გარეგნობა ხელს გიწყობს, მხოლოდ ლამაზად ლაპარაკიღა გაშორებს კარგ სამსახურთან. მეტი არც არაფერია საჭირო.
ჰოდა რას ვამბობდი, დღეიდან ახალი ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში - ერთ ჩვეულებრივ, ხანგრძლივ სამუშაო დღეს. კიდევ კარგი პარასკევია.
მართალია ბევრი რამეა კიდევ ჩემს ჭკუაზე მოსაყვანი, მაგრამ რაც მთავარია, სახლში სისუფთავეა. სილამაზე და სისუფთავე ნამდვილად მიყვარს, მიუხედავად ჩემი ზარმაცი ბუნებისა. დავალაგე და აი, მოვიცალე  - მივუჯექი დღიურს.
ბავშვობაში მიყვარდა დღიურების წერა. ახლა რომ ვკითხულობ, დიდად არც შევცვლილვარ. მაშინაც ისეთივე უგულო გახლდით. მე ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ყველა ამას კი მეუბნებოდა. ხომ იცით მერე, ,,ყველას“ რა ძალა აქვს... ახლაც, თინეიჯერი გოგოსავით გამომდის, არადა კარგა ხანია გამოვცდი  teen-ებს. როცა მარტო ცხოვრობ, სჯობს ისევ დღიურს ელაპარაკო, ვიდრე კედლებს. შუაღამემდე ჩემს საყვარელ სერიებს ვუყურებ, ხვალ კი  შუადღემდე ვიძინებ. შაბათო, მიყვარხარ!“


07.03.11, ორშაბათი:

            ,,Weekend-ის შემდეგ ისევ ტურისტები, ისევ სამუშაო. უფროსმა აღნიშნა ჩემი მუშაობის ეფექტურობა. რატომ არ აღნიშნავდა, დღეს ხომ ახალი ლურჯი კაბა მეცვა. სიმპატიური მამაკაცია.

            ჩემს სამსახურზე გეტყვით, ორი სიტყვით. მთავარი არის ღიმილი. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გაიღიმოთ. მოგწონს? - გაიღიმე. არ მოგწონს? - გაიღიმე. თავაზიანია? - გაიღიმე. შეურაცხყოფას გაყენებს? - გაიღიმე. გიყვირის, გეფერება, გლანძღავს, კმაყოფილია თუ არ არის კმაყოფილი მნიშვნელობა არ აქვს - გაიღიმე! ჩვევაში გადაგდის უკვე და ემოცია აღარცაა იმისთვის საჭირო, რომ გაუღიმო. და თქვენ თუ არ თვლით რომ ჩემი უგულობა შეიძლება ჩაითვალოს იმ მთავარ მიზეზად, რაც ამ სამუშაოსთვის იდეალურად მხდის, ნამდვილად გამაცინებთ.“


17.03.11, ხუთშაბათი:

            ,,ჩვენს ტურისტულ კომპანიაზე სიუჟეტი გააკეთეს. უფროსმა მეც წამიყვანა, მართალია არაფერი მითქვამს, მაგრამ მაინც...“



26.03.11, შაბათი:
        
           ,,ძილის დღე, მაგრამ ვინ დაგაძინებს, მეზობლად ახალი ოჯახი გადმოვიდა, ბავშვის ტირილი არ მაძინებს. ჩემი უტყუარი ინტუიცია მკარნახობს, ამიერიდან ასე მომიწევს ცხოვრება... ვერ ვიტან ბავშვებს!!!“



29.03.11, სამშაბათი:

            ,,სამსახურში მისულს ახალი ამბავი დამხვდა - მალე კორპორატიული წვეულება იგეგმება. ნეტავ ალექსი ვის დაპატიჟებს? მაინც მიზიდავს ეს ტიპური მამაკაცი. ერთი-ორი ახალი კაბაც და ალბათ, დამაწინაურებს კიდეც.
მაგრამ რა კაბა უშველის ამ გამოუძინებელ თვალებს?!  დილა-საღამოს არიების მოსმენა მაქვს მისჯილი მეზობელი ოთახიდან. მთელი დრამატურგიებით და სცენებით ნამდვილი ოპერის თეატრი აქვთ სახლში!“


06.04.11, ოთხშაბათი:

            ,,გავცივდი, აფთიაქში მომიწია გასვლა. ალექსს დავურეკე, რა თქმა უნდა მაპატია გაცდენა, მთავარია გამოჯანმრთელდე, შინ იყავიო. საყვარელი...
            სახლში რომ ვბრუნდებოდი კართან ბავშვი იჯდა. ჰო, ის ბავშვი -  ერთ-ერთი იმათგანი, მე რომ გულზე არ მეხატებიან. ასე, 4 წლის იქნებოდა. რა უსამართლობაა, ამ ბავშვს უნდა ჰქონდეს ასეთი ზღვისფერი თვალები და მე ბანალური ყავისფერი? მისი თვალების ფერი მაშინ შევამჩნიე, მამამისი რომ გამოვარდა კარიდან, ბავშვს კი თვალები ისე გაუფართოვდა მეგონა ასე დარჩებოდა.
            ისევ ტირილი. სამსახურში მინდა!“ 



15.04.11, პარასკევი:

            ,,ახალი პარტნიორების საპატივცემულოდ გამართულმა წვეულებამ კარგად ჩაიარა. გასაკვირი არც ყოფილა ჩემთვის, რომ ოფიციალურად მე ვიყავი ბატონი უფროსის მეწყვილე.
            გასასვლელად ვემზადებოდი, უკვე  8 იყო დაწყებული, გარეთ ხმაური ატყდა. აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა მიმექცია. გავიჭყიტე. ქალი მოაჯირზე დაყრდნობილი, სახედასისხლიანებული. უცემია ცხოველს. ალექსი ასე არასოდეს მოიქცევა.“


28.04.11, ხუთშაბათი:

            ,,ეს ბავშვი სულ გარეთ ზის. სავარაუდოდ, სასახელო მამის გამო. მაინც მაღიზიანებენ მსგავსი არსებები.“



 10.05.11, სამშაბათი:

            ,,პირველი პაემანიდან კვირანახევარში მე და ალექსი ოფიციალურად ერთად ვართ. მეგობრები შევიკრიბეთ ერთად, აღვნიშნეთ ეს ამბავი. მიხარია, რატომაც არა. სადღაც 2 იქნებოდა დაწყებული შინ რომ დავბრუნდი. ბავშვს თურმე ღამ-ღამობით სახლში სძინავს.“



16.05.11, ორშაბათი:

            ,,სახლში ძველი სათამაშო ვიპოვე, ვიფიქრე ყველა საჭირო ნივთი გადმოვიტანე, მაგრამ ეს რამ წამომაღებინა მეც არ ვიცი. კარგი მოგონებები ნამდვილად არ მაკავშირებს. გადასაგდებად რომ გამქონდა ბავშვი ადგილზე დამხვდა. მაინც მეზარებოდა შორს გასვლა. ვაჩუქე.
            საღამოს ალექსი მოვიდა ჩემთან. ხელში რვეულის ფურცლის ნაგლეჯი ეჭირა, ზედ დახატული უსწორმასწორო გულით. კართან ვიპოვეო, მითხრა. გულმა შესამჩნევად დამიკაკუნა. არ ველოდი.“



25.05.11, ოთხშაბათი:

            ,,დღეს პირველად გამიღიმა. მეც გავუღიმე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ეს იგივე ღიმილია, როგორც წესი, რომ მჩვევია ხოლმე. ეს ღიმილი ბევრად გამძლე აღმოჩნდა, სახლში შემოვედი, კარები დავკეტე, გამოვიცვალე, ყავა ავადუღე და ტუჩები მაინც ყურებამდე მქონდა. 
           ამ საღამოს საშინელი ხმაური ატყდა მათ სხლში. ვერ მოვითმინე. გავედი. კარი კაცმა კამიღო. ხელში ბოთლი ეჭირა. უკაცრავად, ძალიან ხმაურობთ-მეთქი და კიდევ ბევრი რამ შეიძლებოდა მეთქვა, მაგრამ დავმუნჯდი - ბავშვი გამოვარდა და ფეხზე მომეხვია. მამამისმა ხელის ერთი მოქნევით მომაშორა და, პირდაპირი გაგებით, ისროლა ოთახში. სანამ ხმას ამოვიღებდი ცხვირწინ კარმა გამიჯახუნა.“

  

31.05.11, სამშაბათი:

            ,,როგორც კი საშუალება მომეცა პატარასთან მივედი და მოფერება ვცადე. მანამდე კი დავრწმუნდი, არავინ არ მხედავდა (მის ოჯახს ვგულისხმობ). ცოტა არ იყოს და 007 ვარ. მალე  გამოვიძიებ როდის გადიან სახლიდან და როდის ბრუნდებიან.“



17.06.11, პარასკევი:

            ,,დიდი ხანია არ დამიწერია. წინა კვირას გავთხოვდი. იდეა გვქონდა ახალი ბინის შეძენის, მაგრამ ჩემი თხოვნით, ჯერ-ჯერობით მაინც, ჩემთან ვიცხოვრებთ.
            როგორც კი დავაზუსტე ბავშვის მშობლების გასვლა-მოსვლის საათები, თითქმის ყოველდღე შემომყავდა ჩემთან. ერთად ბევრი რამე ვისწავლეთ. ერთხელ კი მოვიდა და მიმღერა. ეს სიმღერა სად ისწავლა არვიცი, ოჯახში რომ არ უმღერიან, აშკარაა. ისეთი სასაცილო იყო, სიტყვებს ამახინჯებდა. ის ზღვისფერი თვალები კი ისე უციმციმებდა, გეგონება იმ უზარმაზარ ზღვაში ვარსკვლავები ჩაცვენილან და იქიდან ანათებენო. გულმა კიდევ შემახსენა თავი.“ 



23.06.11, ხუთშაბათი:

            ,,თავს ხშირად ვგრძნობ სუსტად, უკვე ქრონიკული სახე მიიღო, ვფიქრობ, გადავიღალე და იმუნიტეტი დამიქვეითდა. ალექსმა აიჩემა, გამოკვლევა, ანალიზები, ექიმი, ჰოსპიტალიო. სხვა გზა არც დამიტოვა, გავყევი. პასუხები ერთ კვირაშია.“



04.07.11, ორშაბათი:

            ,,დღეს ნაცემი დამხვდა პატარა. გაუგია ორ ფეხზე მოსიარულე ცხოველს ჩემთან რომ დამყავს. ჯავრი ბავშვზე უყრია. გავცეცხლდი. პოლიციას გამოვუძახე. ისინი კი სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლენ.
            ალექსისთვის მინდოდა მეთქვა, მაგრამ გაბრაზებულზე იქით ვეჩხუბე, თავს ზედმეტად მევლება, ბარემ საერთოდ არ ავდგები ლოგინიდან, რამეს არ წამოვკრა ფეხი!!! არ მომწონს ეს ყოველივე!!! ისევდაისევ ინტუიცია, არ მასვენებს.“




10.07.11, კვირა:

            ,,ყველაფერი ნათელია. შვილი არასოდეს მეყოლება. ალექსის საქციელსაც ამან მოჰფინა ნათელი. აი, თურმე რატომ მოუხშირეს ჩემმა მეგობრებმაც ჩემთან სტუმრობას. ყველას სცოდნია ჩემს გარდა. ძლივს ამოღერღა ჩემმა ქმარმა. მე თვითონ გამბედაობა არც მყოფნის ანალიზის პასუხების სანახავად. ეს გულშემატკივრობა და გამხნევება კიდევ არ მჭირდება! ისედაც ვიცი, რომ მარტო დავბერდები. აბა, რად უნდა ჩემნაირი ცოლი ალექსს. შვილს ვერ ვაჩუქებ. წავა და სხვას მოძებნის. ვუყვარვარ, მართლა ვუყვარვარ, მაგრამ ეს ფაქტი ყველაფერს ცვლის.“



19.07.11, სამშაბათი:

            ,,ახლა ვზივარ და ვწერ. ყველაფრის თქმა უნდა მოვასწრო. ყველაფრის, რაც მახსოვს. გუშინ პოლიციას ისევ გამოვუძახე. ფაქტი არ გვაქვსო. ისევ სიტყვიერ გაფრთხილებას დასჯერდნენ. რატომღაც, ქალმა საგულდაგულოდ დამალა დალურჯებები მთელს ტანზე. როგორ მოხდა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე სახეში არ დაურტყამს.
            დღეს ისევ ატყდა ერთი ამბავი. მერამდენედ იყო ეს ბოლო წვეთი, რომ გავსულიყავი, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა საკმარისი რამე ღირებული გამეკეთებინა. შესვლისას შემეშინდა და წამიერად შევყოვნდი კარებთან, რომელიც ოდნავ შეღებულიც კი იყო. ნათლად გავიგონე ქალის კივილი, ბავშვს შეეშვიო და კაცის ისეთი ხმა, თითქოს არამიწიერი არსება ღრიალებდა. შენი ბრალიაო, უყვიროდა.  ,,დამაყენე პოლიციელები თავზე, გუშინდელი არ გეყო, კიდევ გინდა? კიდევ ხმას იღებ, მე ვიცი ჩემს შვილს რას ვუზამ. მიიღე! გინდოდა დავეჭირე, ხომ? გინდოდა სხვა კაცთან გეცხოვრა, უმადურო? ჩემი თავიდან მოშორება გინდოდა! პოლიცია კიარა, ჩემს ხელში ხარ, ჩემს ხელში!!!“ - არ ჩერდებოდა.
           ქალის ხმა შეწყდა, კაცის ხმამაღალი სუნთქვა კი კარის აქეთაც ისმოდა. გული გამიჩერდა. უკვე მესამედ ვიგრძენი მისი არსებობა. ოთახში შევვარდი. ქალი ძირს ეგდო, მინდოდა პულსი გამესინჯა, მაგრამ აღელვებისგან ვერაფერს ვგრძნობდი და საკუთარი ხმის გარდა არაფერი მესმოდა: ,,არაკაცი ხარ! ცხოველი! პირუტყვი! ეს რა გააკეთე! ილოცე, ილოცე რომ შენი ცოლი ცოცხალი გადარჩეს!“ - მაშინებდა, ჩემივე ხმა მაშინებდა, ვღრიალებდი, მთელი ძალით ვღრიალებდი.
            ჩემსკენ გამოქანდა და ყელში მომიჭირა. თვალები შეშლილს უგავდა, სახეარეული, გაუკონტროლებელი იყო. რას მეუბნებოდა აღარ მესმოდა, მხოლოდ ცალკეული ფრაზები და შეურაცხმყოფელი სიტყვები.
            როგორც იქნა ხელი გამიშვა. ვეღარ ვსუნთქავდი, რამდენიმე წამი თვალებშიც დამიბნელდა. როგორც კი საგნები გავარჩიე ერთ-ერთ ბოთლს წამოვავლე ხელი, მოძებნა არ გამიჭირდებოდა. დაველოდე, ზურგიდან მთელი ძალით ჩავარტყი. სისხლი დავინახე. და ორი ზღვისფერი თვალი, კუთხეში იმალებოდა.
სახლში გამოვიყვანე. ვეცადე ნანახზე არ ეფიქრა.
მალე პოლიციაც მოვა და სასწრაფოც.
ყველაფერი წამებში მოხდა. წამის მეასედებში. ხალხის რეაქცია კი, როგორც ყოველთვის, დროში იმაზე ბევრად გაწელილია, ვიდრე ეს რეალურად საჭირო და გამოსადეგარია.
სამყარო კი, ყველაფრის მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. არც ეს ამბავი იქნება ის გამონაკლისი, რაც შეცვლის იმპულსს. მხოლოდ ამიტომ ვზივარ ახლა ასე მშვიდად. მსოფლიოს სულ არ აღელვებს მე მკვლელი გამოვდგები თუ დამცველი.
ის კი ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ბავშვი ჩემი შვილია, უსამართლობა იყო მისი ასეთ ოჯახში დაბადება. სამაგიეროდ სამართალმა მე არ დამაკლო - ადამიანს, რომელიც ვერ იტანს ბავშვებს. რაც არ უნდა მოხდეს, მე მუდამ მემახსოვრება მისი ზღვისფერი თვალები.
ჰაჰაჰჰ, აი ისინიც: ,,პიიუ პააუ პიიუ პააუ...“ - ბავშვობაში ასე განვასახიერებდი ხოლმე პოლიციის სირენებს.
ლამაზი, ლამაზი მღელვარე ზღვა და ზღვაში ჩაყრილი ვარსკვლავები. ჩემი შვილი სამყაროა, ცაც და დედამიწაც, მწვანე მდელო, ფერადი ყვავილები, სილამაზეა, სიმშვიდეა...“