Sunday, November 5, 2017

02:51

02:51 საათს რომ შევხედე მელამაზა. დროამეთქი. 
ჰოდა ვწერ.
არ მოდის. 
მაინც არ მოდის.
სიმართლე გითხრათ, მომენატრა. 
ნუუ, პრინციპში, დასამალი რა არის. როდის იყო გულწრფელობა სირცხვილი ყოფილიყო.
მოსულიყო და ზღვარგადასულად ჩამხუტებოდა. 
გაღიმებოდა. 
ამას არ შევხედავდი, რადგან თვალები მექნებოდა დახუჭული, მაგრამ ვიგრძნობდი, უეჭველად ვიგრძნობდი.
და გამიხარდებოდა. 
რომ გამიხარდებოდა გამეღიმებოდა. 
ვერც ის შეხედავდა ამას, მაგრამ იგრძნობდა. უეჭველად. 
უბრალოდ ის არმოდის. 
მოდი. 
დროა.
ძილო, მოდი.
და გამიღიმე შენი ლამაზი სიზმრებით. 
მენატრები, ტკბილო ძილო. 💫💖💫

Friday, November 3, 2017

პარასკევი საღამო

გრძელი, დამღლელი დღის შემდეგ უკვე სახლში ხარ.
დიახ, ღამის 9-ზე.
და ბედნიერება.
მოირგებ კომფორტულ სამოსს.
დაჯდები მოუხერხებელ, მაგრამ შენთვის იდეალურად შეფასებულ ადგილზე.
და ცხელი ჩაი.
ჩართავ მუსიკას. ყველაზე ტკბილს და თბილს და საოცარს.
და ფიქრობ. ძალიან ბევრს, ბევრზე, ბევრად...ან ერთზე.
ბედნიერებაა ის საღამო, პარასკევი რომ ჰქვია.
იძირები სიამოვნების შეგრძნებაში.
ფიქრი. გრძნობა. გემო. აღქმა. სმენა.
სხვაგან ხარ...

პარასკევი საღამო 🌌

ხვალ შუალედური💖💫

Magic🌠

Monday, October 23, 2017

(ისტორია ავტობუსში)

  არც ისე გადავსებულ ავტობუსში ავედი. წინა სალარო არ მუშაობსო კონსულტანტმა და გადავბობღდი უკანა სალაროსთან.
  უეცრად ერთმა მოხუცმა ქალმა ჩემი ინსტრუმენტის სიმძიმე ხელით მოსინჯა. გამეცინა. ლაღი ღიმილით მკითხა, გიტარაო? ვიოლინო-მეთქი.
  მეორე მოხუცმა ქალმა წინიდან დამიძახა, შვილო აქ ადგილია დაჯექიო. თქვენ დაბრძანდით-მეთქი.
  პირველი გაცილებით ახლოს იჯდა ჩემთან. ადგა, შვილო მე მალე ჩავდივარ, აქ დაჯექიო.
  არაფერი განსაკუთრებული...
  უბრალოდ მოხუცების ამხელა სიტკბო.
  უკვე კარგ ხასიათზე ვარ.
  სულ მცირედი ყურადღება და ღიმილია საჭირო ადამიანისთვის მთელი დღის დასამუხტად.
  ნუ დაიშურებთ ამ მცირედს.

Monday, October 16, 2017

შენ არავინ გგავს

 შენ არავინ გგავს.
 არა, ამპარტავნება არაფერს შუაშია, ეს სიმართლეა. რეალობაა, რომ
არავის შეუძლია იგრძნოს შენნაირად,
არავის შეუძლია გაიღიმოს შენნაირად,
არავის აქვს შენნაირი სასიამოვნო სიჩუმე,
არავის აქვს შენნაირი მეტყველი მზერა,
არავის აქვს შენნაირი საინტერესო უფანტაზიობა,
ვერავინ ისაუბრებს,
ვერავინ გამოხატავს,
.................შეიბოჭება,
.................იკამათებს,
.................გაბრაზდება,
.................გაიბუტება,
.................გაუხარდება,
.................გაოცდება,
.................მოითმენს,
.................შეეშინდება,
.................შეეხება,
.................გაუკვირდება,
.................იმღერებს,
.................იცეკვებს,
.................დაუკრავს,
.................დახატავს,
.................შექმნის,
.................გაგრძნობინებს,
.................დაინტერესდება,
.................შეუყვარდება,

.................შენნაირად.

იგრძენი ეს უპირატესობა.
იმოქმედე! 

Friday, October 13, 2017

დილის ფიქრი

თენდება.
  როცა წარმოვიდგენ რომ მთაში ასე იბადება მზის პირველი სხივები, მაშინ უფრო მწარედ ვგრძნობ, თუ რა ბინძურ გარემოში მიწევს ყოფნა.
  ვცდილობ ღრმად ჩავისუნთქო დილის ჰაერი, მაგრამ ეს უფრო მიხუთავს სულს.
  თვალებს ვხუჭავ და წამში ამ გიგანტური მთების წინ აღმოვჩნდები.
  უზარმაზარი გოლიათები საოცარ უსუსურებას მაგრძნობინებენ.
თავისუფლებასაც მარძნობინებენ. ისეთ თავხედ თავისუფლებას, რომ შეიძლება ჭკუიდან შემშალოს...
  ფიქრიც კი მეზღუდება. ყოველ დილით ამაზე რომ ვიფიქრო სრულიად უუნარო გავხდები.
  ეს დილა კი მიყვარს <3 ასეთი დღეები არც ისე ბევრია, როცა თავს უფლებას ვაძლევ გავაბა ფიქრების ჯაჭვი, გადავეშვა ოცნებად ქცეულ სამყაროში, უსაზღვროდ მინდოდეს ყოფნა იქ, სადაც ყველაზე კარგად მესმის საკუთარი თავის, სადაც ფიქრს ვერ შემიშლის ვერც მანქანების, ვერც მშენებარე კორპუსის ხმაური, ვერც  ყოველდღიური რუტინული ყოფა, ვერც მატერიალური მოვალეობები, რომ მოვუსმინო საკუთარ გულისცემას, ვიტირო, თუნდაც ხმამაღლა, განვიმოსო, სულიერად განვიმოსო ყვეეელაფრისგან, ყოველი ამ ცხოვრების ძალით მიკერებული  ზედმეტობისგან...
  იქ, სადაც მაქვს სიმშვიდის ფუფუნება.
  საოცრებაა.
  სიმშვიდეა.
  ხელოვნებაა.
  გადარევაა.
  ბედნიერებაა.
  თავისუფლებაა მთა. 💙

Tuesday, September 26, 2017

ღიმილი

ღიმილი ყოველთვის არ ნიშნავს ბედნიერებას. ძალიან ხშირად ის შინაგანი სიძლიერის გამოხატულებაა. დიახ, სიძლიერის.

როგორ ფიქრობთ, ძალიან ადვილია უზარმაზარი, კოსმოსისხლეა შინაგანი სამყაროს ჩაკეტვა ერთ მუჭა გულში და შენახვა მთელი ამ სამყაროს ემოციებისა?

როგორ ფიქრობთ, ადვილია ისე ცხოვრება, როცა სხვისი ემოციური კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი?

ძალიან ხშირად  სწორედ ღიმილია იზოლაციის საშუალება. ღიმილია საკუთარი თავისადმი ტკივილის მიყენების ერთ-ერთი მეთოდი.

ღიმილი... არადა რა ლამაზია. სულ ყველგან და ყოველთვის და ყველა ადამიანში ლამაზია.

ვიბნევი. ვეღარ ვხვდები როცა მიღიმიან მართლა უხარიათ თუ...სტკივათ.

Tuesday, July 25, 2017

10 ცხოვრებისეული პუნქტი (1)

1. ადამიანის შეცვლა მხოლოდ საკუთარი სურვილისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი. სხვა პიროვნების ყველა მცდელობა კი მხოლოდ ამ სურვილის გაჩენისკენ შეიძლება იყოს მიმართული.

2. ყველას რჩევა მოისმინეთ, მიიღეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ მხოლოდ ის, რომელსაც თქვენი სინდისი დაეთანხმება.

3. მშობლის სიტყვა, რაც არ უნდა გაუმართლებლად მოგეჩვენოთ, სასიკეთოდ იქცევა, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მას დაემორჩილეთ.

4. ხშირად გაიღიმეთ. თურმე არა მარტო ემოცია იწვევს მიმიკას, არამედ მიმიკასაც შეუძლია ემოციის გამოწვევა.

5. პრობლემასთან შეჯახებისას გაჩერდით. ნუ აფორიაქდებით. როგორც წესი, ემოციურ ფონზე რთულია პრობლემის რეალურად აღქმა და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილების მიღება.  იქნებ ბუზი სპილოდ გეჩვენებათ?.. გამოსავალზე იფიქრეთ.

6. ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც შეძლებს თქვენს გაოცებას.

7. ყველაფერი მოგვარებადია.

8. ყველაფერი მიჩვევაზეა.

9. თქვენ უნდა აკონტროლოთ ემოციები და არა ემოციებმა გაკონტროლოთ თქვენ.

10. იუმორი უნიკალური რამაა. ყველაფერს შეხედეთ იუმორით. ასე უფრო გაგიადვილდებათ.

Thursday, March 30, 2017

პოვნა ძიების გარეშე




(Online Diary)

04.03.11, პარასკევი:

                ,,დღეს  გადმოვედი ახალ სახლში, რომელიც ჩემივე დანაზოგით შევიძინე. კარგი ანაზღაურება მაქვს. მუშაობით თავს არ ვიკლავ, მიუხედავად იმისა, რომ ვათენებ და ვაღამებ სამსახურში, ეს ორი რამ ხომ ერთი და იგივე არაა. მითუმეტეს თუ გარეგნობა ხელს გიწყობს, მხოლოდ ლამაზად ლაპარაკიღა გაშორებს კარგ სამსახურთან. მეტი არც არაფერია საჭირო.
ჰოდა რას ვამბობდი, დღეიდან ახალი ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში - ერთ ჩვეულებრივ, ხანგრძლივ სამუშაო დღეს. კიდევ კარგი პარასკევია.
მართალია ბევრი რამეა კიდევ ჩემს ჭკუაზე მოსაყვანი, მაგრამ რაც მთავარია, სახლში სისუფთავეა. სილამაზე და სისუფთავე ნამდვილად მიყვარს, მიუხედავად ჩემი ზარმაცი ბუნებისა. დავალაგე და აი, მოვიცალე  - მივუჯექი დღიურს.
ბავშვობაში მიყვარდა დღიურების წერა. ახლა რომ ვკითხულობ, დიდად არც შევცვლილვარ. მაშინაც ისეთივე უგულო გახლდით. მე ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ყველა ამას კი მეუბნებოდა. ხომ იცით მერე, ,,ყველას“ რა ძალა აქვს... ახლაც, თინეიჯერი გოგოსავით გამომდის, არადა კარგა ხანია გამოვცდი  teen-ებს. როცა მარტო ცხოვრობ, სჯობს ისევ დღიურს ელაპარაკო, ვიდრე კედლებს. შუაღამემდე ჩემს საყვარელ სერიებს ვუყურებ, ხვალ კი  შუადღემდე ვიძინებ. შაბათო, მიყვარხარ!“


07.03.11, ორშაბათი:

            ,,Weekend-ის შემდეგ ისევ ტურისტები, ისევ სამუშაო. უფროსმა აღნიშნა ჩემი მუშაობის ეფექტურობა. რატომ არ აღნიშნავდა, დღეს ხომ ახალი ლურჯი კაბა მეცვა. სიმპატიური მამაკაცია.

            ჩემს სამსახურზე გეტყვით, ორი სიტყვით. მთავარი არის ღიმილი. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გაიღიმოთ. მოგწონს? - გაიღიმე. არ მოგწონს? - გაიღიმე. თავაზიანია? - გაიღიმე. შეურაცხყოფას გაყენებს? - გაიღიმე. გიყვირის, გეფერება, გლანძღავს, კმაყოფილია თუ არ არის კმაყოფილი მნიშვნელობა არ აქვს - გაიღიმე! ჩვევაში გადაგდის უკვე და ემოცია აღარცაა იმისთვის საჭირო, რომ გაუღიმო. და თქვენ თუ არ თვლით რომ ჩემი უგულობა შეიძლება ჩაითვალოს იმ მთავარ მიზეზად, რაც ამ სამუშაოსთვის იდეალურად მხდის, ნამდვილად გამაცინებთ.“


17.03.11, ხუთშაბათი:

            ,,ჩვენს ტურისტულ კომპანიაზე სიუჟეტი გააკეთეს. უფროსმა მეც წამიყვანა, მართალია არაფერი მითქვამს, მაგრამ მაინც...“



26.03.11, შაბათი:
        
           ,,ძილის დღე, მაგრამ ვინ დაგაძინებს, მეზობლად ახალი ოჯახი გადმოვიდა, ბავშვის ტირილი არ მაძინებს. ჩემი უტყუარი ინტუიცია მკარნახობს, ამიერიდან ასე მომიწევს ცხოვრება... ვერ ვიტან ბავშვებს!!!“



29.03.11, სამშაბათი:

            ,,სამსახურში მისულს ახალი ამბავი დამხვდა - მალე კორპორატიული წვეულება იგეგმება. ნეტავ ალექსი ვის დაპატიჟებს? მაინც მიზიდავს ეს ტიპური მამაკაცი. ერთი-ორი ახალი კაბაც და ალბათ, დამაწინაურებს კიდეც.
მაგრამ რა კაბა უშველის ამ გამოუძინებელ თვალებს?!  დილა-საღამოს არიების მოსმენა მაქვს მისჯილი მეზობელი ოთახიდან. მთელი დრამატურგიებით და სცენებით ნამდვილი ოპერის თეატრი აქვთ სახლში!“


06.04.11, ოთხშაბათი:

            ,,გავცივდი, აფთიაქში მომიწია გასვლა. ალექსს დავურეკე, რა თქმა უნდა მაპატია გაცდენა, მთავარია გამოჯანმრთელდე, შინ იყავიო. საყვარელი...
            სახლში რომ ვბრუნდებოდი კართან ბავშვი იჯდა. ჰო, ის ბავშვი -  ერთ-ერთი იმათგანი, მე რომ გულზე არ მეხატებიან. ასე, 4 წლის იქნებოდა. რა უსამართლობაა, ამ ბავშვს უნდა ჰქონდეს ასეთი ზღვისფერი თვალები და მე ბანალური ყავისფერი? მისი თვალების ფერი მაშინ შევამჩნიე, მამამისი რომ გამოვარდა კარიდან, ბავშვს კი თვალები ისე გაუფართოვდა მეგონა ასე დარჩებოდა.
            ისევ ტირილი. სამსახურში მინდა!“ 



15.04.11, პარასკევი:

            ,,ახალი პარტნიორების საპატივცემულოდ გამართულმა წვეულებამ კარგად ჩაიარა. გასაკვირი არც ყოფილა ჩემთვის, რომ ოფიციალურად მე ვიყავი ბატონი უფროსის მეწყვილე.
            გასასვლელად ვემზადებოდი, უკვე  8 იყო დაწყებული, გარეთ ხმაური ატყდა. აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა მიმექცია. გავიჭყიტე. ქალი მოაჯირზე დაყრდნობილი, სახედასისხლიანებული. უცემია ცხოველს. ალექსი ასე არასოდეს მოიქცევა.“


28.04.11, ხუთშაბათი:

            ,,ეს ბავშვი სულ გარეთ ზის. სავარაუდოდ, სასახელო მამის გამო. მაინც მაღიზიანებენ მსგავსი არსებები.“



 10.05.11, სამშაბათი:

            ,,პირველი პაემანიდან კვირანახევარში მე და ალექსი ოფიციალურად ერთად ვართ. მეგობრები შევიკრიბეთ ერთად, აღვნიშნეთ ეს ამბავი. მიხარია, რატომაც არა. სადღაც 2 იქნებოდა დაწყებული შინ რომ დავბრუნდი. ბავშვს თურმე ღამ-ღამობით სახლში სძინავს.“



16.05.11, ორშაბათი:

            ,,სახლში ძველი სათამაშო ვიპოვე, ვიფიქრე ყველა საჭირო ნივთი გადმოვიტანე, მაგრამ ეს რამ წამომაღებინა მეც არ ვიცი. კარგი მოგონებები ნამდვილად არ მაკავშირებს. გადასაგდებად რომ გამქონდა ბავშვი ადგილზე დამხვდა. მაინც მეზარებოდა შორს გასვლა. ვაჩუქე.
            საღამოს ალექსი მოვიდა ჩემთან. ხელში რვეულის ფურცლის ნაგლეჯი ეჭირა, ზედ დახატული უსწორმასწორო გულით. კართან ვიპოვეო, მითხრა. გულმა შესამჩნევად დამიკაკუნა. არ ველოდი.“



25.05.11, ოთხშაბათი:

            ,,დღეს პირველად გამიღიმა. მეც გავუღიმე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ეს იგივე ღიმილია, როგორც წესი, რომ მჩვევია ხოლმე. ეს ღიმილი ბევრად გამძლე აღმოჩნდა, სახლში შემოვედი, კარები დავკეტე, გამოვიცვალე, ყავა ავადუღე და ტუჩები მაინც ყურებამდე მქონდა. 
           ამ საღამოს საშინელი ხმაური ატყდა მათ სხლში. ვერ მოვითმინე. გავედი. კარი კაცმა კამიღო. ხელში ბოთლი ეჭირა. უკაცრავად, ძალიან ხმაურობთ-მეთქი და კიდევ ბევრი რამ შეიძლებოდა მეთქვა, მაგრამ დავმუნჯდი - ბავშვი გამოვარდა და ფეხზე მომეხვია. მამამისმა ხელის ერთი მოქნევით მომაშორა და, პირდაპირი გაგებით, ისროლა ოთახში. სანამ ხმას ამოვიღებდი ცხვირწინ კარმა გამიჯახუნა.“

  

31.05.11, სამშაბათი:

            ,,როგორც კი საშუალება მომეცა პატარასთან მივედი და მოფერება ვცადე. მანამდე კი დავრწმუნდი, არავინ არ მხედავდა (მის ოჯახს ვგულისხმობ). ცოტა არ იყოს და 007 ვარ. მალე  გამოვიძიებ როდის გადიან სახლიდან და როდის ბრუნდებიან.“



17.06.11, პარასკევი:

            ,,დიდი ხანია არ დამიწერია. წინა კვირას გავთხოვდი. იდეა გვქონდა ახალი ბინის შეძენის, მაგრამ ჩემი თხოვნით, ჯერ-ჯერობით მაინც, ჩემთან ვიცხოვრებთ.
            როგორც კი დავაზუსტე ბავშვის მშობლების გასვლა-მოსვლის საათები, თითქმის ყოველდღე შემომყავდა ჩემთან. ერთად ბევრი რამე ვისწავლეთ. ერთხელ კი მოვიდა და მიმღერა. ეს სიმღერა სად ისწავლა არვიცი, ოჯახში რომ არ უმღერიან, აშკარაა. ისეთი სასაცილო იყო, სიტყვებს ამახინჯებდა. ის ზღვისფერი თვალები კი ისე უციმციმებდა, გეგონება იმ უზარმაზარ ზღვაში ვარსკვლავები ჩაცვენილან და იქიდან ანათებენო. გულმა კიდევ შემახსენა თავი.“ 



23.06.11, ხუთშაბათი:

            ,,თავს ხშირად ვგრძნობ სუსტად, უკვე ქრონიკული სახე მიიღო, ვფიქრობ, გადავიღალე და იმუნიტეტი დამიქვეითდა. ალექსმა აიჩემა, გამოკვლევა, ანალიზები, ექიმი, ჰოსპიტალიო. სხვა გზა არც დამიტოვა, გავყევი. პასუხები ერთ კვირაშია.“



04.07.11, ორშაბათი:

            ,,დღეს ნაცემი დამხვდა პატარა. გაუგია ორ ფეხზე მოსიარულე ცხოველს ჩემთან რომ დამყავს. ჯავრი ბავშვზე უყრია. გავცეცხლდი. პოლიციას გამოვუძახე. ისინი კი სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლენ.
            ალექსისთვის მინდოდა მეთქვა, მაგრამ გაბრაზებულზე იქით ვეჩხუბე, თავს ზედმეტად მევლება, ბარემ საერთოდ არ ავდგები ლოგინიდან, რამეს არ წამოვკრა ფეხი!!! არ მომწონს ეს ყოველივე!!! ისევდაისევ ინტუიცია, არ მასვენებს.“




10.07.11, კვირა:

            ,,ყველაფერი ნათელია. შვილი არასოდეს მეყოლება. ალექსის საქციელსაც ამან მოჰფინა ნათელი. აი, თურმე რატომ მოუხშირეს ჩემმა მეგობრებმაც ჩემთან სტუმრობას. ყველას სცოდნია ჩემს გარდა. ძლივს ამოღერღა ჩემმა ქმარმა. მე თვითონ გამბედაობა არც მყოფნის ანალიზის პასუხების სანახავად. ეს გულშემატკივრობა და გამხნევება კიდევ არ მჭირდება! ისედაც ვიცი, რომ მარტო დავბერდები. აბა, რად უნდა ჩემნაირი ცოლი ალექსს. შვილს ვერ ვაჩუქებ. წავა და სხვას მოძებნის. ვუყვარვარ, მართლა ვუყვარვარ, მაგრამ ეს ფაქტი ყველაფერს ცვლის.“



19.07.11, სამშაბათი:

            ,,ახლა ვზივარ და ვწერ. ყველაფრის თქმა უნდა მოვასწრო. ყველაფრის, რაც მახსოვს. გუშინ პოლიციას ისევ გამოვუძახე. ფაქტი არ გვაქვსო. ისევ სიტყვიერ გაფრთხილებას დასჯერდნენ. რატომღაც, ქალმა საგულდაგულოდ დამალა დალურჯებები მთელს ტანზე. როგორ მოხდა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე სახეში არ დაურტყამს.
            დღეს ისევ ატყდა ერთი ამბავი. მერამდენედ იყო ეს ბოლო წვეთი, რომ გავსულიყავი, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა საკმარისი რამე ღირებული გამეკეთებინა. შესვლისას შემეშინდა და წამიერად შევყოვნდი კარებთან, რომელიც ოდნავ შეღებულიც კი იყო. ნათლად გავიგონე ქალის კივილი, ბავშვს შეეშვიო და კაცის ისეთი ხმა, თითქოს არამიწიერი არსება ღრიალებდა. შენი ბრალიაო, უყვიროდა.  ,,დამაყენე პოლიციელები თავზე, გუშინდელი არ გეყო, კიდევ გინდა? კიდევ ხმას იღებ, მე ვიცი ჩემს შვილს რას ვუზამ. მიიღე! გინდოდა დავეჭირე, ხომ? გინდოდა სხვა კაცთან გეცხოვრა, უმადურო? ჩემი თავიდან მოშორება გინდოდა! პოლიცია კიარა, ჩემს ხელში ხარ, ჩემს ხელში!!!“ - არ ჩერდებოდა.
           ქალის ხმა შეწყდა, კაცის ხმამაღალი სუნთქვა კი კარის აქეთაც ისმოდა. გული გამიჩერდა. უკვე მესამედ ვიგრძენი მისი არსებობა. ოთახში შევვარდი. ქალი ძირს ეგდო, მინდოდა პულსი გამესინჯა, მაგრამ აღელვებისგან ვერაფერს ვგრძნობდი და საკუთარი ხმის გარდა არაფერი მესმოდა: ,,არაკაცი ხარ! ცხოველი! პირუტყვი! ეს რა გააკეთე! ილოცე, ილოცე რომ შენი ცოლი ცოცხალი გადარჩეს!“ - მაშინებდა, ჩემივე ხმა მაშინებდა, ვღრიალებდი, მთელი ძალით ვღრიალებდი.
            ჩემსკენ გამოქანდა და ყელში მომიჭირა. თვალები შეშლილს უგავდა, სახეარეული, გაუკონტროლებელი იყო. რას მეუბნებოდა აღარ მესმოდა, მხოლოდ ცალკეული ფრაზები და შეურაცხმყოფელი სიტყვები.
            როგორც იქნა ხელი გამიშვა. ვეღარ ვსუნთქავდი, რამდენიმე წამი თვალებშიც დამიბნელდა. როგორც კი საგნები გავარჩიე ერთ-ერთ ბოთლს წამოვავლე ხელი, მოძებნა არ გამიჭირდებოდა. დაველოდე, ზურგიდან მთელი ძალით ჩავარტყი. სისხლი დავინახე. და ორი ზღვისფერი თვალი, კუთხეში იმალებოდა.
სახლში გამოვიყვანე. ვეცადე ნანახზე არ ეფიქრა.
მალე პოლიციაც მოვა და სასწრაფოც.
ყველაფერი წამებში მოხდა. წამის მეასედებში. ხალხის რეაქცია კი, როგორც ყოველთვის, დროში იმაზე ბევრად გაწელილია, ვიდრე ეს რეალურად საჭირო და გამოსადეგარია.
სამყარო კი, ყველაფრის მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. არც ეს ამბავი იქნება ის გამონაკლისი, რაც შეცვლის იმპულსს. მხოლოდ ამიტომ ვზივარ ახლა ასე მშვიდად. მსოფლიოს სულ არ აღელვებს მე მკვლელი გამოვდგები თუ დამცველი.
ის კი ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ბავშვი ჩემი შვილია, უსამართლობა იყო მისი ასეთ ოჯახში დაბადება. სამაგიეროდ სამართალმა მე არ დამაკლო - ადამიანს, რომელიც ვერ იტანს ბავშვებს. რაც არ უნდა მოხდეს, მე მუდამ მემახსოვრება მისი ზღვისფერი თვალები.
ჰაჰაჰჰ, აი ისინიც: ,,პიიუ პააუ პიიუ პააუ...“ - ბავშვობაში ასე განვასახიერებდი ხოლმე პოლიციის სირენებს.
ლამაზი, ლამაზი მღელვარე ზღვა და ზღვაში ჩაყრილი ვარსკვლავები. ჩემი შვილი სამყაროა, ცაც და დედამიწაც, მწვანე მდელო, ფერადი ყვავილები, სილამაზეა, სიმშვიდეა...“

Thursday, January 19, 2017

მიმართვა ერის კეთილისმსურველებს

   ხშირად წავწყდომივარ მომენტებს, ან თუნდაც პოსტებს, რომლებიც შეიცავენ რომელიმე სახის შეცოდებას ერის წინაშე, რასაც, როგორც წესი, მოჰყვება საყოველთაო აღშფოთება, უკმაყოფილება, ვაი-ვიში, ერთი ამბავი და ,,რა გვეშველება'' ფრაზები.

  კითხვა მაქვს:

-  არ მოგბეზრდათ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, გაკრიტიკება, სხვისი ნაკლის საჯაროდ გამოტანა და ამ ფაქტის მხოლოდ იმ მიზეზით გამართლება, რომ ,,ვიღაცამ ერი უნდა გამოაფხიზლოს''???
   შეიძლება ძალიანაც სწორს ამბობდეთ და, როგორც წესი, ამგვარი საქციელი საფუძველს მოკლებული არ არის ხოლმე, მაგრამ, თუ გგონიათ, რომ მხოლოდ ფაქტის გამოფენით და ამის საჯაროდ გასამართლებით ვინმეს რამეს შეაგნებინებთ, ძალიან ცდებით! არა, ჩემი კარგებო, ნუ იფიქრებთ, რომ ამ გზით კარგ შედეგს მიიღებთ.
   თუ მაინცდამაინც გული შეგტკივათ ჩვენს მენტალობაზე, ან ზოგადად, დღევანდელ ყოფაზე, თქვენი თავიდან დაიწყეთ.
   იცხოვრეთ ისე, როგორიც გინდათ, რომ იყოს სამყარო. გვიჩვენეთ მაგალითი - ,,21-ე საუკუნის მოაზროვნე ადამიანი'', ამის გაზიარებას ხომ წინ არაფერი უდგას...
   ოღონდ სათითაოდ გთხოვთ, ნუ გამოქექავთ ყოველი ფაქტისგან რაღაც ნეგატიურს და ნუ შეეცდებით ამის აფიშირების მაგალითზე მიგვახვედროთ ზოგად ჭეშმარიტებებს.
   მიბაძეთ მათ, ვინც მოგწონთ და მიეცით შანსი სხვასაც, რომ მოგბაძოთ თქვენ.
   
  

Thursday, January 12, 2017

სტუმრები. ღამის 12 საათზე

   ასეთი ჩვევა დამჩემდა:  საღამოს 9 საათზე უკვე ისე მეძინება, რომ ფიზიკურად ძლივს ვასწრებ ლოგინამდე მისვლას, ხოლო ღამის 12 საათზე მეღვიძება, ჭოტივით დაჭყეტილი თვალებით ვწევარ და ვეღარაფრით ვახერხებ ძილის შებრუნებას. ან, შეიძლება, ფიქრების მიტოვება მიჭირს.
   არ მიყვარს ფიქრების უყურადღებოდ დატოვება. რომც მიყვარდეს, ვერ გეტყვით აკაკუნებენ მეთქი, უფრო, დაუკითხავად მოდიან. ვაღიარებ, ზოგჯერ არც თუ ისე კარგი  მოგონებებით ხელდამშვენებულნი, მოდიან და... ოჰ, როგორი თავხედები! ფიქრებიდან ყველაზე მეტიჩრები ხომ სწორედ წარსულის ფიქრები არიან. პირველიც ისინი გამოჩნდებიან და ჩამოგისხდებიან ჭორიკანა ქალბატონებივით. მოგიყვებიან უზომოდ, უზომოდ ბევრს, თან ერთი კი არა, ათასი! უთვალავი!..
   წარსულის ფიქრებს შორის არიან შედარებით ზრდილობიანებიც, რომლებიც სასიამოვნო რაღაცებსაც გეჩურჩულებიან. მაინც, ნებისმიერი წარსულის ფიქრს სევდის და სიამოვნების გრძნობები მოჰყავთ ხელჩაკიდებული. ტყუილად არ ვამბობ, თავს მოგაბეზრებენ, მაინც სევდას გგვრიან მანამ, სანამ შენ თვითონ არ მონახავ ძალას, რომ გააბრძანო ისინი.
   ამ დროს ჩუმად გიკაკუნებს ძალიან ლამაზად შემოსილი...ჰო, სწორედ ფერიებივით, მომავლის ფიქრები. ხომ უკვე გითხარით, რომ ფიქრები და გრძნობები განუყოფელად მოძრაობენ. ამიტომ მათაც მოჰყვათ სიხარულის, იმედის, ინტერესის და შიშის გრძნობები. კარგია მათთან საუბარი. ისინი ბევრ საინტერესო რამეებს გვპირდებიან. ან პირიქით, არ გვპირდებიან..ამ ოთხივე გრძნობას კი სულ ასეთი ჩვევა აქვთ, ერთად იწყებენ ოთახში აქეთ-იქით ქაოტურად სიარულს.
   ბოლოს ვხვდები, იქნებ სჯობს ზრდილობიანად ვუთხრა, მინდა რეალობას დავუბრუნდე დაა.. ცოტა საქმეებიც მაქვს (ბოლობოლო დასაძინებელი ვარ!). ეწყინათ, მაგრამ წავიდნენ.
   რეალობა. აი რეალობა, შეიძლება ითქვას აწმყო, კი არც აკაკუნებს, არც გეკითხება. ,,საზეიმოდ'' შემოაბიჯებს და გამეფდება მთელს შინაგან გარემოში. გინდა-არგინდა სიმართლეს თვალს უსწორებ იმ ვეზირების შიშით, რომლებიც მწკრივად ლაგდებიან რეალობის წინ და ერთი მეორის მიყოლებით გიყალიბებენ შენს ახლანდელ, რეალურ მდგომარეობას. საინტერესო კი ისაა, რომ ოთახში ვამჩნევ წარსულის და მომავლის ფიქრებსაც.
   უკვე ვაანალიზებ, რომ რაც დღეს-დღეობით  გამაჩნია, რაც შემიძლია, როგორი ადამიანიც ვარ..ასეთად წარსულმა ჩამომაყალიბა სწორედ იმ მომავლის პატარა ფიქრების ასასრულებლად, რომლებიც ახლახანს, ჩემს თვალწინ, მიზნებად ჩამოყალიბდნენ.

   რა ვქნა, ასეთი ჩვევა დამჩემდა...
   ღამის 12 საათზე მეღვიძება, ჭოტივით დაჭყეტილი თვალებით ვწევარ და ვერაფრით ვახერხებ ძილის შებრუნებას.
   ალბათ, ფიქრების სტუმრობის დროა.

Thursday, January 5, 2017

გაჩერდა.

ერთი,ორი,ერთი,ორი...

ერთი...

ორი...

. . .

ერთი. . .

. . .

. . .

ორი . . .

.  .  .

   გაჩერდა პატარა გული.
   არა ცოდვებით დამძიმებული, არა დიდცხოვრებაგამოვლილი, პატარა,სულ პაწაწინა.
   სამაგიეროდ - ნატანჯი და ნაწამები.
   როგორი თვალებით შეხედავდა, რომ ის აუტანელი ტკივილი შეემსუბუქებინა, როგორ შეევედრებოდა, უთქმელად შეეხვეწებოდა დედიკოს შველას.
   რა უნდა ექნა, რით ეშველა. თავზე ხელს გადაუსვამდა, მიიხუტებდა გულზე, რომელიც საცაა გასკდებოდა, აკოცებდა და სიტყვებით ანუგეშებდა. იცოდა, მეტი აღარაფერი შეეძლო. ასე ჩახუტებული მთელი გულით შეევედრებოდა ღმერთს შვილის გადარჩენას. მისი ყოველი სუნთქვა ხომ სიცოცხლის ფასად უღირდა.
   მაინც გაჩერდა პატარა გული.
   დიდი გული კი ძგერდა. რა ძალით, თვითონაც არ იცოდა. ფეთქავდა მიუხედავად იმისა, რომ უძრავი შვილის შემყურეს ყოველ წამს ეგონა, ცხოვრების შემდეგ წამს უკვე ვეღარ გადაიტანდა.
   დედის გული ხომ საკუთარი შვილია. ის ისევ არსებობს, დედის არსებაში არსებობს.
   უსამართლოა ეს წუთისოფელი.
   სამაგიეროდ არა წუთიერი სამყოფელია სამართლიანი.
   ეს ბავშვი ანგელოზია.
   ანგელოზები კი მხოლოდ რჩეულები ხდებიან.

(იმ პატარა ბავშვების ხსოვნას, მთელი საქართველო რომ იბძოდა მათ გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ).