პატარა ბიჭუნა დიდ ბიჭუნას (გაბრწყინებული და ენთუზიაზმმორეული თვალებით):
- ნახე, სპაიდერმენი დავხატე!
დიდი ბიჭუნა გამოცდილი ადამიანის ხმით:
- ეს ხელი ცოტა მარცხნივ, შუქჩრდილი აქეთ დაუმატე, აქეთ უნდა წაშალო, სიმეტრიულად გასასწორებელია, თვალიც, კარგად რომ დაუკვირდე...
პატარა ბიჭუნა უკომენტაროდ, სახეზე გაოცებანარევი ღიმილშემშრალი.
ფიქრი:
,,პირდაპირობაო..არა, გამიგია პირდაპირობა ძალიან კარგი თვისებააო, ზურგს უკან არ უნდა ილაპარაკოო, ზურგს უკან თუ ილაპარაკებ ცუდი ადამიანი იქნებიო,არ იქნები სწორიო..
განა არ ვეთანხმები?? ვეთანხმები, მაგრამ..
არა, ხალხო, არა! არ ქვია პირდაპირობა ნებისმიერი სიმართლის პირში მიხლას! ეს უფრო უტაქტობა და დაუფიქრებლობაა.
დიახ, პირდაპირობა საჭიროა, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს, ყველაფრის თქმასაც თავისი ტაქტი სჭირდება.
ნამდვილად გასათვალისწინებელია ადამიანის ხასიათი, მისი შესაძლებლობები და სიტუაცია. დასაფიქრებელია, რომ უარყოფითი შედეგი არ მოვუტანოთ ჩვენი სიკეთის ქმნის სურვილით (ან, ვინ იცის ,,მე პირში მთქმელი ვარ''-ისთვის) ადამიანს.
ილიაზე მეტი სიმართლის მთქმელი ვინ ჰყავდა ჩვენს ერს? მწარედ, მაგრამ ყოველთვის დიპლომატიურად გვანახებდა ჩვენს ნაკლოვანებებს და სარკის წინ გვაყენებდა.
ჰაჰჰ, ახლა რომ ეს ჩემი ფიქრი ვინმემ გაიგოს, პატარა ბავშვების სულელურმა დიალოგმა რა ზოგადსაკაცობრიო თემებზე დააფიქრაო, მაგაზე მეტი დარდი არ გქონდესო, ამაზე ბევრად მეტი დასაფიქრებელი გვაქვს ამ ცხოვრებაში, მაინცდამაინც ჩვენ რომ არ ვუწყოთ ხასიათი ყველასო,მოგცლიაო მეტყვიან და ალბათ გაიცინებენ კიდეც.'' - ვფიქრობდი და ეს ფიქრი არც არავისთვის გამიზიარებია.
Wednesday, December 28, 2016
ფიქრი გაცვეთილ თემაზე
Sunday, December 25, 2016
დაფარული სიმართლე..(ზამთარზე)
(დაწერილია შემოდგომაზე)
ფანჯარაში გავიხედე. ყოველ დილით ასე ვიხედები და ვატყობ როგორ ნელნელა ედებათ ცეცხლი ფოთლებს. ნელნელა მიწისკენ ეშვებიან და. მერე? სულ მერე სიცივე. ზამთარი. მკაცრი,გაყინული,უგულო...
მაგრამ მე რომ ზამთარი ვიყო?
როგორი სიხარულით მოვიდოდი...ალბათ ძალიან დიდი მონდომებით მივუძღვნიდი ბუნებას ჩემთვის ყველაზე ძვირფასს - პატარა კრისტალურ ფიფქებს, რომლებსაც სათითაოდ გამოვძერწავდი. მთელი ღამე ვიშრომებდი რომ დილით ყველაფერი სადღესასწაულოდ გადათეთრებული დამეხვედრებინა. მათ კი ზამთარი მაინც მხოლოდ მაშინ ეყვარებოდათ,როცა თავიანთ თბილ ოთახებში იქნებოდნენ გამოკეტილები. ცხოველებიც კი დიდი ხნით დაიძინებდნენ რომ ჩემი სიცივე ვერ ეგრძნოთ.
მე მაინც ყველა მეყვარებოდა. ისევ ვეცდებოდი ამის გამოხატვას,მაგრამ უშედეგოდ. მერე გავბრაზდებოდი. ადამიანები ჩემს გაბრაზებას ნამქერს ან ზვავს უწოდებდნენ. ესეც გადამივლიდა და ბედს შეგუებული ვიფიქრებდი, გაზაფხული ხომ მაინც მოვა... არც არავის ეცოდინებოდა რამხელა ტკივილია ჩემთვის ჩემივე ნაწილის, თოვლის წვა მზის ცხელ სხივებზე.
ფანჯრიდან უეცრად შემოსულმა სუსხმა გამომაფხიზლა და მხედველობის არეში ისევ სიცივისგან აწითლებული ფოთლები მომხვდა. იმის გააზრებისთანავე, თუ რაზე ვფიქრობდი, გამეღიმა. არავის არ უნდა მოვთხოვოთ იმაზე მეტი,ვიდრე შეუძლია. იქნებ სწორედ ესაა ის გზა,რითიც ის თავის შესაძლებლობებსა თუ სიყვარულს გამოხატავს.უნდა მივიღოთ ისეთი,როგორიც არის.
ცივი,მკაცრი...
მიყვარს ზამთარი ❤ ...
მივხურე ფანჯარა.
სიკვდილზე
-სიკვდილი.
გვისწორებენ:
-გარდაცვალება.
მაინც შიშს იწვევს.ზოგჯერ გაუცნობიერებელს,ზოგჯერ გაცნობიერებულს.
გვიფიქრია,რატომ?
არის ეს ჩვენი ახლობლების მიტოვების განცდა? თუ ტკივილის გვეშინია? შეიძლება ის შეუცნობელი სამყარო გვაშინებს,რასაც ,,იქით'' ველოდებით.ან არ ველოდებით..
-ბანალურია.
გარდაცვალება გარდაცვალებაა(და არა სიკვდილი.სიკვდილი ალბათ სამუდამო დასასრულს ნიშნავს).საინტერესოდ დამამშვიდებელი ვერსიაა მათთვის,ვისაც ზემოთხსენებული სიტყვა აშინებს.
(-მაინც ბანალურია).
გარდაცვალება დაბადებაა. სხვა სამყაროში დაბადება. დაბადება იქ, სადაც უკვე გარდავიცვალეთ. ადამიანად გარდავიცვალეთ.
-შვებაა.
(,,)ტყუილი(”)
- შეიძლება სიმართლის არ თქმა ტყუილად ჩაითვალოს? - ვერ ვწყვეტ ამ კითხვის დასმას საკუთარი თავისთვის.
- გააჩნია... - გაუბედავად ვცემ პასუხს,თავს ვინუგეშებ. თავს ვინუგეშებ იმიტომ,რომ ტყუილი ყველაზე მეტად მძულს ამ ქვეყნად და იმაზე ფიქრიც კი მზარავს,რომ ამაში თავად ვარ ,,ეჭვმიტანილი''...
- თუ სიმართლის არ თქმას ტყუილში ჩავთვლით,სწორედ ეს გამიკეთებია... - (გაფიქრებისთანავე გამყინავი სიჩუმეა თავში).
- და თუ ასე არ მოვიქცეოდი, როგორ გავამართლებდი იმას,რასაც სიმართლის თქმა გამოიწვევდა?..
- ვერაფრით. ყველაფერი აირეოდა. ძალიან ცუდი რაღაც მოხდებოდა!
და თუ ისევ თავში დავბრუნდებით, განა არ ამჯობინებდით სიმართლის არ თქმას,თუ ზუსტად გეცოდინებოდათ,რომ ამ ყველაფერს არც ისე კარგი დასასრული ექნებოდა?
მე ვამჯობინე...
- იყო ეს საქციელი მცდარი? იყო სიმართლის არ თქმა ტყუილი???..
ასე,წრეზე ტრიალებს ფიქრების უწყვეტი ჯაჭვი დაუსრულებლად, თავიდან ბოლოში, ბოლოდან ისევ თავში...ასევე უწყვეტად, კიბე-კიბე ილექება ,,დასკვნების'' წყება:
- ალბათ,ამ ქვეყნად უსამართლობა ყველაზე მძაფრად მაშინ იგრძნობა, როცა უსამართლოდ გადანაშაულებენ და ,,გსჯიან''.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის,თუ ამის შესახებ ვერ გითქვამს, ვერ აგიხსნია ან ამის საშუალება არც კი მოგცემია...
ამას მოყვება ფქრი იმაზე,თუ რას გავიღებდი ახლა რომ მქონდეს საშუალება, უბრალოდ დავხუჭო თვალები და ერთი ამოსუნთქვით ვთქვა,ვიყვირო ყველაფერი, ავხსნა ჩემი საქციელი და ეს ტვირთი სამუდამოდ მოვიშორო...
- მაგრამ ასეთი შანსი რომ მქონდეს, მეყოფა კი გამბედაობა? ისევ ხომ არ შემეშინდება? ისევ სიმართლის არ თქმას ხომ არ ვამჯობინებ?
და ჩამეთვლება სიმართლის არ თქმა ტყუილში???..
ისევ წრე..
ისევ ის აკვიატებული კითხვა...
ისევ ფიქრები...
და თუ ტყუილია, განა რა უნდა იყოს იმაზე მეტი სასჯელი,როცა იცი,რომ მთელი ცხოვრება მოგიწევს გულში ატარო განცდა ამ უწყვეტი, უსასრულო წრისა,რომელიც მუდმივად იბრუნებს,იბრუნებს...თავიდან ბოლოში...ბოლოდან კი ისევ თავში...
(უსათაუროდ)
...ისე ბევრჯერ წამიკითხავს,ადამიანები მოდიან,გცვლიან და მიდიანო.ისიც წამიკითხავს სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი რამეს ბოლომდე ვერ დაიჯერებო.ჰოდა ორივე მართალი ყოფილა.ნამდვილად,გცვლიან,თანაც ისე,რომ ძველი ,,შენ" ვეღარ იქნები.ვერასდროს! თუნდაც ვიზუალურად,გამოხედვა,ქცევა,დამოკიდებულება,ყველაფერი იცლება.
და მაინც,რა ძლიერი ფენომენია ეს ადამიანი.ზოგჯერ არც კი იცნობ ისე შეიძლება შეიცვალოს მისით შენს აზროვნებაში რაღაც,უბრალო ფრაზით ან ქმედებით.
ბავშვობაში ბევრჯერ გვიოცნებია ისეთი ცხოვრება გვქონოდა,როგორიც ზღაპრებში იყო მოთხრობილი.ახლა კი ვიტყოდი,რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს რეალობაზე მეტად გასაოცარი ზღაპრის შეთხზვას.ცხოვრებაში ხომ ყველაზე მოულოდნელად ხდება ყველაფერი.კარგიც და ცუდიც ისეთი,რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით.
ეს ჩემი რეალობაა.ყველას საკუთარი რეალობა აქვს.ვერ ვიტყვი,რომ ყოველთვის კარგია,მაგრამ,მოდით,დავინახოთ ყველაფერში რაღაც ზღაპრული.იქნებ უფრო გაგვიადვილდეს...
მუსიკა, რომელიც არავის ესმის
მუსიკა,რომელიც არავის ესმის
გავიღვიძე. აღარაფერი მესმოდა. თავს საშინლად ვგრძნობდი, დისკომფორტს მიქმნიდა.
,,იქნებ გავცივდი, სწორედ ამის ბრალი იქნება“ - გავიფიქრე და თავი დავიმშვიდე, მაგრამ აბა რას დავმშვიდდებოდი, სანამ დედიკოს არ ვეტყოდი...
შევეცადე თავი შემექცია, ხან ფორტეპიანოზე დაკვრ ვცადე, ხან ვიოლინოზე... აი, მაშინ მივხვდი რატომ აღიზიანებს ზოგს ასე ძალიან ვიოლინოს ხმა. ჩემს ინსტრუმენტს ვეღარ ვცნობდი!!! პატარა ბავშვის სათამაშოსავით ჭყიპინებდა!.. არც ეს საქმე გამომივიდა...
წავედით ექიმთან. ახალგარემონტებულ ჰოსპიტალში ფეხის შედგმისთანავე ვიგრძენი წამლების სპეციფიური სუნი, რამაც უფრო გამიმძაფრა იმის გრძნობა, რომ ექიმთან მივდიოდი. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ იქ ყველათავისი დარდით დამძიმებული დადიოდა და ექიმებიც არც თუ ისე პოზიტიურ განწყობას აფრქვევდნენ.
საჭირო საბუთების შეგროვებისთანავე კაბინეტთან გავჩერდით. ჩვენს წინ შუახნის ქალბატონი იდგა და იქვე 4-5 წლის პატარა ბიჭუნა წრეზე დარბოდა და ხალისიანად ტიტინებდა. დედამისიც იქვე იდგა. უცბად ბავშვმა დედასთან მიირბინა და ჰკითხა: - მუსიკას რატომ უკრავენ დეე?.. რატომ უკრავინ მუსიკას??? - ბაასში გართულ ქალს ყურადღება არ მიუქცევია. მართალია, თითქმის არაფერი მესმოდა, მაგრამ რაც შემეძლო სმენა დავძაბე იმის იმედით, რომ რამეს გავიგებდი. არაფერი ისმოდა... არა, მუსიკა ნამდვილად არ იქნებოდა და ამაში უფრო ვრწმუნდებოდი როცა მახსენდებოდა, რომ შუა საავადმყოფოში ვიდექით...
კაბინეტის კარი გაიღო. ჩვენს წინ მდგარი ქალბატონი შევიდა. ფიქრები გამეფანტა... კარის გვერდზე ჩამოკიდებულ აბრას შევხედე :
,,კაბინეტი 2
ოტორინოლარინგოლოგი
ბავშვთა ნევროპათოლოგი“
,,ბავშვთა ნევროპათოლოგი... ნევროპათოლოგი... ბავშვთა... „ - ავიკვიატე. თავში პირველად საშინელმა აზმა გამიელვა: ,,ნუთუ ეს ბავშვი ამ ექიმთან მიდის? განა შეიძლება ნერვების პრობლემა ჰქონდეს ამ პატარას?..“ - იქვე უარვყავი ჩემი მოსაზრება. მინდოდა რამე პოზიტიურთან დამეკავშირებინა პატარას ფანტაზია. აქვე მომადგა ერთი აზრი: ,,იქნებ მას შინაგანად ესმის მუსიკა! და ეს მუსიკა ისეთივე ახალი და გენიალურია, როგორიც, თავის დროზე, ყველა დიდი კომპოზიტორისა. იქნებ სულ რამდენიმე წელიწადში მან ნოტებზე ჩაწერაც ისწავლოს და ცნობილი კომპოზიტორიც გახდეს...“ - სახეზე სასიამოვნო ღიმილი შემემჩნა.
ექიმთან შესვლის დრო მოვიდა. მაინც მეფიქრებოდა: ,,მუსიკა, რა საოცრებაა... ის ხელოვნების ყველა დარგს სრულყოფილს ხდის, თარგმნა არ სჭირდება... არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას, რელიგიას, ასაკს. ის ყველას ესმის... ესმის, ზოგჯერ შინაგანად ისე, რომ მის გარშემო ამ ხმის გაგონება არავის შეუძლია...“
გამოვედი ექიმის ოთახიდან. ბიჭუნა იქ არ დამხვდა. პატარა ამ კაბინეტში არ შემოსულა...
ჩემი ექიმი
ეს არის თემა,რომელიც დავწერე მე-3 კლასში :) :) სახალისოა :D (ცოტა დედიკომაც შემისწორა მაშინ :D)
ჩემი ექიმი
იმ დღეს არაფერი გამხსენებია, არც ბუნების სილამაზე შემიმჩნევია, არც წიგნები გამხსენებია და არც ჩემი საყვარელი ვიოლინო. ვერაფერს ვერ ვხვდებოდი. თუ არა და გულში იმდენი კარგი რამე მქონდა ჩაფიქრებული?!.. ვიოლინო უნდა მემეცადინა და დედის გული გამეხარებინა, გაკვეთილები უნდა ჩამეწიკწიკებინა და მასწავლებელი გამეხარებინა, ბებოს გემრიელი ქადების ცხობაში მოვხმარებოდი და რაც ,,მთავარია" ჩემი საყვარელი თამაშებით გული მეჯერებინა. იმ დღეს ყველა ოცნება გამიცრუვდა, თურმე სიცხე მქონდა. დ ზუსტად მაშინ ჩემი ია ექიმი გამახსენდა. ჩემთვის რომ ეშველა სახლში დატოვა მისი ერთადერთი და განუმეორებელი შვილი, ჩემი საუკეთესო მეგობარი, პატარა და უმშვენიერესი მარიამი, რომელსაც ღიმილი ძალიან უხდება. და ჩემთან გამოიქცა თან იცით რა დროს? თითქმის ყველას რომ სძინავს. მისი დანახვისთანავე თავი უკეთ ვიგრძენი, სევდიან თვალებში იმედის სხივი ამიკიაფდა. ვიცოდი, მალე მომარჩენდა... არც შევმცდარვარ. გულში ვამბობ:,, მიყვარხარ, ია ექიმო" ... ძალიან მიკვირს, ჯერ დაბადებულიც არ ვყოფილვარ, რომ ნათელა ექიმი მყურადღებობდა. და ამ ქვეყანას რომ მოვევლინე- ჩემი მანანა, თინიკო, ლალი და ირინა ექიმები. რამდენ ფიქრს ატარებთ ჩემი ექიმებო, რამდენი ბავშვისას, რამდენი მშობლისას?!.. ღმერთო, დამილოცე ჩემი გულთბილი, დაუზარელი ექიმები, მრავალი მშობლის გულს რომ უსაზღვროდ ახარებენ შვილის გამოჯანმრთელებით.