იშვიათია, როცა შენობაში ფეხის შედგმისთანავე გრძნობ ძალას, თითქოს ისტორიას ეჯახები. კედლები დროგაუმტარია. თითქოს ყოველი წამი აქ გაჭედილიყოს, ჩარჩენილიყოს, შეენახოს ყველა იმ ადამიანის ისტორია და გულისტკივილი, ვისაც ერთხელ მაინც შეებიჯებინა, ან თუნდაც შორიდან შეევლო თვალი. ვისაც სწორედ მისი შუამავლობით გაუნდვია ღმერთისთვის ის, რაც ჩვენი გულების ყველაზე ბნელ კუნჭულში იმალება და რაზეც ხანდახან ჩვენ თავთანაც კი ვერ ვსაუბრობთ. უემოციოდ კი მისი ხილვა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია...
ვეღარ დაიტია ალბათ ამდენი ერთგულად შენახული საიდუმლო.
ხარბად შევცქეროდი, მინდოდა ყოველი მილიმეტრი დამემახსოვრებინა, მინდოდა ვიტრაჟის ფერთა თანმიმდევრობაც კი შემემჩნია, თვალუწვდენელი თაღები კი ზემოდან გადმომცქეროდნენ, და თითქოს იცინოდნენ კიდეც მათ ასაკზე, სადღაც, 42-ჯერ პატარა რომ ვიყავი. მახსოვს ეს ემოცია, ნათლად მახსოვს...
დასანანი სწორედ ესაა, რომ ისტორიით შექმნილი ემოცია ვერ დაბრუნდება, თორემ იერსახეს, რა თქმა უნდა დაუბრუნებენ...
გავა მრავალი საუკუნე. კიდევ მრავალი გაივლის. კიდევ მრავალს მოუსმენს. მაგრამ აწ უკვე 21-ე საუკუნიდან.