ასეთი ჩვევა დამჩემდა: საღამოს 9 საათზე უკვე ისე მეძინება, რომ ფიზიკურად ძლივს ვასწრებ ლოგინამდე მისვლას, ხოლო ღამის 12 საათზე მეღვიძება, ჭოტივით დაჭყეტილი თვალებით ვწევარ და ვეღარაფრით ვახერხებ ძილის შებრუნებას. ან, შეიძლება, ფიქრების მიტოვება მიჭირს.
არ მიყვარს ფიქრების უყურადღებოდ დატოვება. რომც მიყვარდეს, ვერ გეტყვით აკაკუნებენ მეთქი, უფრო, დაუკითხავად მოდიან. ვაღიარებ, ზოგჯერ არც თუ ისე კარგი მოგონებებით ხელდამშვენებულნი, მოდიან და... ოჰ, როგორი თავხედები! ფიქრებიდან ყველაზე მეტიჩრები ხომ სწორედ წარსულის ფიქრები არიან. პირველიც ისინი გამოჩნდებიან და ჩამოგისხდებიან ჭორიკანა ქალბატონებივით. მოგიყვებიან უზომოდ, უზომოდ ბევრს, თან ერთი კი არა, ათასი! უთვალავი!..
წარსულის ფიქრებს შორის არიან შედარებით ზრდილობიანებიც, რომლებიც სასიამოვნო რაღაცებსაც გეჩურჩულებიან. მაინც, ნებისმიერი წარსულის ფიქრს სევდის და სიამოვნების გრძნობები მოჰყავთ ხელჩაკიდებული. ტყუილად არ ვამბობ, თავს მოგაბეზრებენ, მაინც სევდას გგვრიან მანამ, სანამ შენ თვითონ არ მონახავ ძალას, რომ გააბრძანო ისინი.
ამ დროს ჩუმად გიკაკუნებს ძალიან ლამაზად შემოსილი...ჰო, სწორედ ფერიებივით, მომავლის ფიქრები. ხომ უკვე გითხარით, რომ ფიქრები და გრძნობები განუყოფელად მოძრაობენ. ამიტომ მათაც მოჰყვათ სიხარულის, იმედის, ინტერესის და შიშის გრძნობები. კარგია მათთან საუბარი. ისინი ბევრ საინტერესო რამეებს გვპირდებიან. ან პირიქით, არ გვპირდებიან..ამ ოთხივე გრძნობას კი სულ ასეთი ჩვევა აქვთ, ერთად იწყებენ ოთახში აქეთ-იქით ქაოტურად სიარულს.
ბოლოს ვხვდები, იქნებ სჯობს ზრდილობიანად ვუთხრა, მინდა რეალობას დავუბრუნდე დაა.. ცოტა საქმეებიც მაქვს (ბოლობოლო დასაძინებელი ვარ!). ეწყინათ, მაგრამ წავიდნენ.
რეალობა. აი რეალობა, შეიძლება ითქვას აწმყო, კი არც აკაკუნებს, არც გეკითხება. ,,საზეიმოდ'' შემოაბიჯებს და გამეფდება მთელს შინაგან გარემოში. გინდა-არგინდა სიმართლეს თვალს უსწორებ იმ ვეზირების შიშით, რომლებიც მწკრივად ლაგდებიან რეალობის წინ და ერთი მეორის მიყოლებით გიყალიბებენ შენს ახლანდელ, რეალურ მდგომარეობას. საინტერესო კი ისაა, რომ ოთახში ვამჩნევ წარსულის და მომავლის ფიქრებსაც.
უკვე ვაანალიზებ, რომ რაც დღეს-დღეობით გამაჩნია, რაც შემიძლია, როგორი ადამიანიც ვარ..ასეთად წარსულმა ჩამომაყალიბა სწორედ იმ მომავლის პატარა ფიქრების ასასრულებლად, რომლებიც ახლახანს, ჩემს თვალწინ, მიზნებად ჩამოყალიბდნენ.
რა ვქნა, ასეთი ჩვევა დამჩემდა...
ღამის 12 საათზე მეღვიძება, ჭოტივით დაჭყეტილი თვალებით ვწევარ და ვერაფრით ვახერხებ ძილის შებრუნებას.
ალბათ, ფიქრების სტუმრობის დროა.
No comments:
Post a Comment