Sunday, December 25, 2016

დაფარული სიმართლე..(ზამთარზე)

(დაწერილია შემოდგომაზე)

  ფანჯარაში გავიხედე. ყოველ დილით ასე ვიხედები და  ვატყობ როგორ ნელნელა ედებათ ცეცხლი ფოთლებს. ნელნელა მიწისკენ ეშვებიან და. მერე? სულ მერე სიცივე. ზამთარი.    მკაცრი,გაყინული,უგულო...
   მაგრამ მე რომ ზამთარი ვიყო?
   როგორი სიხარულით მოვიდოდი...ალბათ ძალიან დიდი მონდომებით მივუძღვნიდი ბუნებას ჩემთვის ყველაზე ძვირფასს - პატარა კრისტალურ ფიფქებს, რომლებსაც სათითაოდ გამოვძერწავდი. მთელი ღამე ვიშრომებდი რომ დილით ყველაფერი სადღესასწაულოდ გადათეთრებული დამეხვედრებინა. მათ კი ზამთარი მაინც მხოლოდ მაშინ ეყვარებოდათ,როცა თავიანთ თბილ ოთახებში იქნებოდნენ გამოკეტილები. ცხოველებიც კი დიდი ხნით დაიძინებდნენ რომ ჩემი სიცივე ვერ ეგრძნოთ.
   მე მაინც ყველა მეყვარებოდა. ისევ ვეცდებოდი ამის გამოხატვას,მაგრამ უშედეგოდ. მერე გავბრაზდებოდი. ადამიანები ჩემს გაბრაზებას ნამქერს ან ზვავს უწოდებდნენ. ესეც გადამივლიდა და ბედს შეგუებული ვიფიქრებდი, გაზაფხული ხომ მაინც მოვა... არც არავის ეცოდინებოდა რამხელა ტკივილია ჩემთვის ჩემივე ნაწილის, თოვლის წვა მზის ცხელ სხივებზე.
   ფანჯრიდან უეცრად შემოსულმა სუსხმა გამომაფხიზლა და მხედველობის არეში ისევ სიცივისგან აწითლებული ფოთლები მომხვდა. იმის გააზრებისთანავე, თუ რაზე ვფიქრობდი, გამეღიმა. არავის არ უნდა მოვთხოვოთ იმაზე მეტი,ვიდრე შეუძლია. იქნებ სწორედ ესაა ის გზა,რითიც ის თავის შესაძლებლობებსა თუ სიყვარულს გამოხატავს.უნდა მივიღოთ ისეთი,როგორიც არის.
   ცივი,მკაცრი...
   მიყვარს ზამთარი ❤ ...
   მივხურე ფანჯარა.

No comments:

Post a Comment