მუსიკა,რომელიც არავის ესმის
გავიღვიძე. აღარაფერი მესმოდა. თავს საშინლად ვგრძნობდი, დისკომფორტს მიქმნიდა.
,,იქნებ გავცივდი, სწორედ ამის ბრალი იქნება“ - გავიფიქრე და თავი დავიმშვიდე, მაგრამ აბა რას დავმშვიდდებოდი, სანამ დედიკოს არ ვეტყოდი...
შევეცადე თავი შემექცია, ხან ფორტეპიანოზე დაკვრ ვცადე, ხან ვიოლინოზე... აი, მაშინ მივხვდი რატომ აღიზიანებს ზოგს ასე ძალიან ვიოლინოს ხმა. ჩემს ინსტრუმენტს ვეღარ ვცნობდი!!! პატარა ბავშვის სათამაშოსავით ჭყიპინებდა!.. არც ეს საქმე გამომივიდა...
წავედით ექიმთან. ახალგარემონტებულ ჰოსპიტალში ფეხის შედგმისთანავე ვიგრძენი წამლების სპეციფიური სუნი, რამაც უფრო გამიმძაფრა იმის გრძნობა, რომ ექიმთან მივდიოდი. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ იქ ყველათავისი დარდით დამძიმებული დადიოდა და ექიმებიც არც თუ ისე პოზიტიურ განწყობას აფრქვევდნენ.
საჭირო საბუთების შეგროვებისთანავე კაბინეტთან გავჩერდით. ჩვენს წინ შუახნის ქალბატონი იდგა და იქვე 4-5 წლის პატარა ბიჭუნა წრეზე დარბოდა და ხალისიანად ტიტინებდა. დედამისიც იქვე იდგა. უცბად ბავშვმა დედასთან მიირბინა და ჰკითხა: - მუსიკას რატომ უკრავენ დეე?.. რატომ უკრავინ მუსიკას??? - ბაასში გართულ ქალს ყურადღება არ მიუქცევია. მართალია, თითქმის არაფერი მესმოდა, მაგრამ რაც შემეძლო სმენა დავძაბე იმის იმედით, რომ რამეს გავიგებდი. არაფერი ისმოდა... არა, მუსიკა ნამდვილად არ იქნებოდა და ამაში უფრო ვრწმუნდებოდი როცა მახსენდებოდა, რომ შუა საავადმყოფოში ვიდექით...
კაბინეტის კარი გაიღო. ჩვენს წინ მდგარი ქალბატონი შევიდა. ფიქრები გამეფანტა... კარის გვერდზე ჩამოკიდებულ აბრას შევხედე :
,,კაბინეტი 2
ოტორინოლარინგოლოგი
ბავშვთა ნევროპათოლოგი“
,,ბავშვთა ნევროპათოლოგი... ნევროპათოლოგი... ბავშვთა... „ - ავიკვიატე. თავში პირველად საშინელმა აზმა გამიელვა: ,,ნუთუ ეს ბავშვი ამ ექიმთან მიდის? განა შეიძლება ნერვების პრობლემა ჰქონდეს ამ პატარას?..“ - იქვე უარვყავი ჩემი მოსაზრება. მინდოდა რამე პოზიტიურთან დამეკავშირებინა პატარას ფანტაზია. აქვე მომადგა ერთი აზრი: ,,იქნებ მას შინაგანად ესმის მუსიკა! და ეს მუსიკა ისეთივე ახალი და გენიალურია, როგორიც, თავის დროზე, ყველა დიდი კომპოზიტორისა. იქნებ სულ რამდენიმე წელიწადში მან ნოტებზე ჩაწერაც ისწავლოს და ცნობილი კომპოზიტორიც გახდეს...“ - სახეზე სასიამოვნო ღიმილი შემემჩნა.
ექიმთან შესვლის დრო მოვიდა. მაინც მეფიქრებოდა: ,,მუსიკა, რა საოცრებაა... ის ხელოვნების ყველა დარგს სრულყოფილს ხდის, თარგმნა არ სჭირდება... არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას, რელიგიას, ასაკს. ის ყველას ესმის... ესმის, ზოგჯერ შინაგანად ისე, რომ მის გარშემო ამ ხმის გაგონება არავის შეუძლია...“
გამოვედი ექიმის ოთახიდან. ბიჭუნა იქ არ დამხვდა. პატარა ამ კაბინეტში არ შემოსულა...
No comments:
Post a Comment